თაკო ჩარკვიანი

ჩარკვიანი: ბოკერია არის 30-წლიანი პოლიტიკური ვირუსი

1tv.ge

"დიახ, ვიცით ეს დიდი ხანია, რომ ყველაფერი ქართული, ტრადიციული, რაც კი არსებობს საქართველოში, მისთვის [ბოკერიასთვის] უცხოა და ეგზოტიკური. ამიტომაც აქვს მას ნულოვანი რეიტინგი". – ასე ეხმაურება პარტია კანონი და სამართალის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიას კომენტარს, რომ "მთელი უღრმესი და ეგზოტიკური პატივისცემის მიუხედავად ქალბატონი თაკო ჩარკვიანის ფიგურის მიმართ, ის ოპოზიციის შეჯერებულ კანდიდატად არ განიხილება". 

ჩარკვიანის შეფასებით, გიგა ბოკერია არის 30-წლიანი პოლიტიკური ვირუსი. მისივე თქმით, მან საკუთარი კანდიდატურა სწორედ იმიტომ დააყენა საბურთალოს რაიონში, რომ "ბოკერიას კარტელს" და "ფსევდოოპოზიციას" ხმები წაართვას. 

"ბოკერია რომ არ დამიჭერს მხარს, ეს დანიშნულება მაქვს მე, სწორედ ამიტომ დავაყენე საბურთალოს რაიონში ჩემი კანდიდატი, რომ ფსევდოოპოზიციას, ბურჯანაძეს, ბესელიას, ბოკერიას წავართვა ხმა". – ამბობს ჩარკვიანი. 

ჩარკვიანი ასევე ამბობს, რომ გიგა ბოკერია გარიგებულია "დაბალპროცენტიან რუსული ვექტორის პარტიასთან", რომელიც მომავალში უნდა დაეხმაროს მას. 

"ბოკერია გარიგებულია იმ დაბალპროცენტიან რუსული ვექტორის პარტიასთან, რომელიც მომავალში უნდა დაეხმაროს მას. მან ერთხელ დაანგრია, შუაზე გახლიჩა ნაციონალური მოძრაობა და მათი ხმებით შევიდა პარლამენტში. 

ნაციონალური მოძრაობა არ არის იმ მდგომარეობაში ახლა, რომ დაიწყოს გარჩევები ისეთ მზაკვრულ მტერთან, როგორიც არის ბოკერია". – ამბობს თაკო ჩარკვიანი. 

ჩარკვიანმა დღეს, 23 ივნისს, რუსთავი2-ის ეთერში ასევე თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, ალბათ, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა ექნება. 

"ალბათ, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა [საპარლამენტო არჩევნებზე] მექნება. ენმ-ს არაერთხელ გამოუხატავს ჩემ მიმართ მხარდაჭერა და ეს სოციალურ ქსელშიც ასე ჩანს". – თქვა ჩარკვიანმა. 

კომენტარები