ეკონომიკა

ADB: წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, სომხეთის 3,5%, აზერბაიჯანის 0,1%-ით

საიმონ დოუსონი / Bloomberg

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, რაც რეგიონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. შედარებისთვის, იმავე პროგნოზით, სომხეთის ეკონომიკა 3,5%-ით შემცირდება, ხოლო აზერბაიჯანის – 0,1%-ით. 

უკვე მომდევნო წლისთვის, ორგანიზაციის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5%-ს გაუტოლდება და კრიზისამდელ მოცულობას დაიბრუნებს. 2021 წელს სომხეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3,5%-ს შეადგენს, აზერბაიჯანის კი  – 1,2%-ს. 

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 4,8%-დან 5,5%-მდე შემცირდეს. ეს რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, შედარებისთვის, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სომხეთის ეკონომიკა შესაძლოა 2.8%-ით შემცირდეს, აზერბაიჯანის კი − 2.6%-ით. 

ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა წელს ეკონომიკის 4%-იან შემცირებას პროგნოზირებს, რაც შესაძლოა ოპტიმისტურ მოლოდინად ჩაითვალოს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უცნობია, როგორი იქნება წლის დარჩენილი პერიოდი − აღდგება თუ არა ტურიზმი, რამდენით შემცირდება ფულადი გზავნილები და იქნება თუ არა პანდემიის მეორე ტალღა. 

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 655 მილიონი დოლარით შემცირდა, რაც მშპ-ს 3,7% უტოლდება.

კომენტარები