ბათუმის პორტში აშშ-ს საზღვაო ხომალდი პორტერი შემოვიდა. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ეს პორტერის მესამე ვიზიტია საქართველოში.
"მისი მიზანია საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ნატოს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარება" - აცხადებს აშშ-ს საელჩო საქართველოში.
შსს-ს სანაპირო დაცვის ცნობით, USS Porter-ის ვიზიტისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს სრულად იცავენ. გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები კი დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.
USS Porter, აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში, მრავალმხრივ მისიებში მონაწილეობს. USS Porter ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.
"ხომალდ USS Porter-ის საქართველოს პორტში შემოსვლამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.
სწავლებაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის ორი ხომალდი: დიოსკურია და ოჩამჩირე და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ორი ხომალდი: USS Porter (DDG 78) და USS Oak Hill (LSD 51).
წვრთნების მიზანია საქართველოსა და აშშ-ს საზღვაო დანაყოფების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების უშუალო კონტაქტს.
ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა
და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში აქტიურ თანამშრომლობას". – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.





