გიორგი შაქარაშვილის საქმე

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. გარდაცვლილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, სიცოცხლისდროინდელია თუ არა დაზიანებები, რომელიც ცხედარს აღენიშნება.

"რთულია გამიჯვნა, დაზიანებები რის გამოა. ექსპერტები პასუხისგან თავს იკავებენ და ეს მესმის, რადგან არ უნდათ ტყუილუბრალოდ მითქმა-მოთქმა გამოიწვიონ. ელოდებიან ლაბორატორიულ დასკვნებს, რომ ეს ზღვარი მკვეთრად გაივლოს და კითხვები აღარ დარჩეს. მთავარი კითხვაა, დახრჩობის შემდეგ მდინარემ მიაყენა დაზიანებები, მანამდე ფერდობზე ჩარბენის დროს დაზიანდა, თუ ვინმემ მიაყენა ფიზიკური დაზიანება. ეს ჯერ გამოკვეთილი არ არის. არ უნდა არ ვიმკითხაოთ, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გვეცოდინება, სიკვდილამდეა დაზიანებები თუ შემდეგ". – თქვა მირიან ნიკოლაძემ.

ის ამბობს, რომ ახლა ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა სიმართლის დადგენაა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 4-დღიანი ძებნის შემდეგ არაგვში იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.

კომენტარები