საკონსტიტუციო ცვლილებები

ერქვანია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: პოლიტიკური ვაჭრობით მიღებულ შეთანხმებას ხმას არ მივცემ

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ალექსანდრე ერქვანია საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა და 8 მარტის შეთანხმებას "პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება" უწოდა.  

"ეს საკონსტიტუციო ცვლილება არ არის ის, რასაც დაპირდით ხალხს ერთი წლის წინ. ეს არის მოსახლეობის ზურგს უკან, ოპოზიციასთან ფარული პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ არის, რომ მოსახლეობამ დღემდე ვერ გაიგო, რაზე შეთანხმდნენ და რა პასუხისმგებლობა აიღო ხელისუფლებამ.

სამწუხაროდ, ხელისუფლების სიტყვამ ფასი დაკარგა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მისი გაუგებარი ნაბიჯები ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და ავტორიტეტს და, რაც მთავარია, ქვეყნის ღირსებას.

ამის შედეგია, ოკუპანტები ბოდიშის მოხდას რომ გვთხოვენ, ხოლო ზოგიერთები თავს უფლებას აძლევენ, თითის ქნევით გველაპარაკონ და გვიკარნახონ, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ გადავწყვიტოთ ჩვენი საშინაო საკითხები.

სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკოსებისთვის ევროპარლამენტარების და კონგრესმენების სიტყვა უფრო მნიშვნელოვანი და ფასეულია, ვიდრე საკუთარი მოსახლეობის. სამარცხვინოა, როცა ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი  საკითხი, როგორიც საარჩევნო სისტემაა, ელჩებისა და დიპლომატების სადილებსა და ვახშამზე წყდება.

ქვეყანაში არსებული პრობლემები არავის აინტერესებს, ყველა იბრძვის მხოლოდ ძალაუფლებისა და პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ ამ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად მიღებულ შეთანხმებას ჩემი მხარდაჭერა არ ექნება". – განაცხადა ერქვანიამ.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ცვლილებებს მხარს არ უჭერს უმრავლესობის ყოფილი წევრი, ბიძინა გეგიძე, ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატები – ნატო ჩხეიძე და დავით ჭიჭინაძე. გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსის ყოფილმა წევრმა, ემზარ კვიციანმა თქვა, რომ, თუ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო არ გახდება, ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

დღეს, 21 ივნისს პარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობს, 30-ის კი – მაჟორიტარული პრინციპით. 

ცვლილება 8 მარტის ისტორიული შეთანხმების ნაწილია, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაიდო. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. შეთანხმებაში მოაზრებული სამი პოლიტპატიმრიდან საპატიმროში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება.

ევროპული საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს, შემდეგ მოსმენებზე კი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს. 

კომენტარები