საკონსტიტუციო ცვლილებები

კანდელაკი: 120/30-ზე სისტემის I მოსმენით მხარდაჭერით პასუხისმგებლობა სრულად "ოცნებაზე" გადადის

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენაზე მხარდაჭერით პასუხისმგებლობა სრულად ქართულ ოცნებაზე გადადის. 

"თუ კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩავარდება, ეს ნიშნავს, რომ საკითხი დახურულია და პროცესი ვეღარ გაგრძელდება. პირველი მოსმენით მხარდაჭერით პასუხისმგებლობა მთლიანად გადადის ქართულ ოცნებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულებული არ არის. ამავე დროს, ჩვენ ვახდენთ დემონსტრირებას ჩვენი საზოგადოების წინაშე, თუ რაოდენ მოწადინებულია ევროპული საქართველო იმისთვის, რომ 20 ივნისის მონაპოვარს შეესხას ხორცი და ამ სისტემით ჩატარდეს არჩევნები, რაც ძალიან ზრდის შანსს არა მხოლოდ იმისა, რომ ქართული ოცნების მმართველობა დასრულდება, არამედ დასრულდება ერთპარტიული მმართველობის ხანა და ჩვენ მომავალში მივიღებთ კოალიციურ მთავრობას, სადაც ხელისუფლება გადანაწილებული და დაბალანსებული იქნება სხვადასხვა ძალებს შორის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იქნება პროდასავლური ძალების კოალიციური მთავრობა", - ამბობს კანდელაკი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

ევროპული საქართველო საკონტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. თუმცა მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს იქამდე, ვიდრე მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. 

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კვირას, 21 ივნისს დაიწყება.

საკონსტიტუციო ცვლილებაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 8 მარტს შეთანხმდნენ - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით უნდა ჩატარდეს, რაც 120 დეპუტატის პროპორციული, ხოლო 30-ის - მაჟორიტარული სისტემით არჩევას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, ხელისუფლებამ კიდევ ერთი პირობა უნდა შეასრულოს - გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

კომენტარები