საზოგადოებრივი მაუწყებელი

GPB-ის მეურვეობის კანდიდატი: თუ მაღლაფერიძის იმპიჩმენტის დაყენება მომიწევს, მეც გადავდგები

საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებს უსმენენ. მეურვეობის კანდიდატი გია მურღულია დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მისი "ძალიან ახლო" მეგობარია. კომისიის წევრის, იურისტი გიორგი ნონიაშვილის კითხვაზე, მრავალწლიანი მეგობრობა ხელს ხომ არ შეუშლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვალდებულებების პირნათლად შესრულებაში, გია მურღულია პასუხობს, რომ ასე არ ფიქრობს.

"ჩემი აზრით, მეგობრობა არ არის ინდულგენცია ცუდი საქმეების გასაკეთებლად. მე არ მიცხოვრია ისე, რომ ვინმეს ეჭვი შეეპაროს ამაში და არც ახლა ღირს უფრო მეტი სიტყვის თქმა" - ამბობს მეურვეობის კანდიდატი.

კითხვაზე, რა შემთხვევაში დააყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს, გია მურღულია პასუხობს: "როგორც კი დავაყენებ ამ საკითხს, იმწუთას გადავდგები მეც, იმიტომ, რომ თუ  ბატონი ვასილი ჩაიდენს ისეთ დანაშაულს, რომელიც არ ეკადრება არც მის სახელს და არც ჩვენს მეგობრობას, მაშინ ეს ორივესთვის პრობლემა იქნება".

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებდა იმ შემთხვევაში, "თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი არ იქნებოდა გამჭვირვალე და თუ პროგრამული მიმართულებებით განსაზღვრული ღირებულებები და მიზნები არ იქნებოდა ხარისხიანი და რიგიანად მიღწეული".

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტმა კონკურსი მიმდინარე წლის 17 მარტს გამოაცხადა. ასარჩევია უმრავლესობის კვოტით დასახელებული ერთი კანდიდატი და უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრობის ორი კანდიდატი. მათ ნინია კაკაბაძე, ქეთი მსხილაძე და გია იაკობაშვილი უნდა ჩაანაცვლონ.

ვის უნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა, ნახეთ აქ.

კომენტარები