ზელიმხან ხანგოშვილის საქმე

მაასი: გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას [ხანგოშვილის] საქმეზე დამატებითი ზომები მიიღოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი
საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა:

"ჩვენ კვლავ დავიბარეთ რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა უშეცდომოდ და ნათლად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია რუსული მხარის მიმართ. გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას, დამატებითი ზომები მიიღოს ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს გამორჩეულად სერიოზული შემთხვევაა და ამიტომ, გერმანიის მთავრობის თვალთახედვით, აუცილებელია, საკითხი ბოლომდე გადაჭრას სასამართლომ", - თქვა მან.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მოქმედებდა.

გერმანიის პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის დავალება ეჭვმიტანილმა პირდაპირ რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვანი სტრუქტურებისგან მიიღო. 

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", — ნათქვამია განცხადებაში. 

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც გერმანიის პროკურატურა თორნიკე ქავთარაშვილად მოიხსენიებს, ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც. 

კომენტარები