ზელიმხან ხანგოშვილის საქმე

სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულები შესაძლოა ხანგოშვილის მკვლელობაშიც მონაწილეობდნენ

გერმანული გავლენიანი გამოცემის Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანულმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პეტროვისა და ბაშიროვის სახელით ცნობილ რუს ჯაშუშებზე. ორივე მათგანი გასული წლის მარტში სერგეი და იულია სკრიპალებზე მომხდარი ქიმიური თავდასხმის შემსრულებლებად მიიჩნევიან. 

ინფორმაციას გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანიის პროკურატურა ვარაუდობს, რომ ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი შესაძლოა ჩართულები იყვნენ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში. 

არსებული ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაპატიმრებული პირის პასპორტს იგივენაირი მახასიათებლები აქვს, რაც ბაშიროვისა და პეტროვის პარსპორტებს. გამოცემის ინფორმაციით პეტროვი და ბაშიროვი გერმანიაში 2015 წელს იმყოფებოდნენ. 

ბრიტანელი სამართალდამცავების ინფორმაციით, ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი სკრიპალებზე ქიმიური თავდასხმის ორგანიზატორები არიან. მოგვიანებით Bellingcat-ის გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე მათგანი გრუ-ს ჯაშუშები არიან. 

საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. გერმანიის გენერალურ პროკურატურას აქვს ეჭვი, რომ მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. 

4 დეკემბერს საქმესთან დაკავშირებით გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა

კომენტარები