მედიაში, მათ შორის გამოცემებში Kavkaz.Realii და Deutsche Welle ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის წევრების გერმანიიდან საქართველოში დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
დეპორტირებულია ხანგოშვილის ოჯახის 12 წევრი, მათ შორის ძმა - ზურაბ ხანგოშვილი.
ზურაბ ხანგოშვილი, რომელიც გერმანიაში შვედეთიდან უსაფრთხოების მიზნით, 3 წლის წინ გადასახლდა, მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს გერმანიის პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.
12 ადამიანი 23 ოქტომბრის საღამოს, სხვა 36 საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩარტერული რეისით საქართველოში გაამგზავრეს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, სონია კოკმა დაადასტურა, რომ საქართველოში 48 ადამიანია დეპორტირებული, მაგრამ არ გაამხილა მათი ვინაობა და დეპორტაციის მიზეზი.
"არ ვიცი რატომ გააძევეს ქვეყნიდან. ვერავის ვენდობი. აქ თავშესაფარს, უსაფრთხოებას ეძებდნენ". – თქვა ზურაბისა და ზეილმხანის დამ, ზიტა ხანგოშვილმა.
ეთნიკურად ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 15 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი იყო.
მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.
ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილეა.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.
რუსული მხარის მტკიცებით, ხანგოშვილი მოსკოვში მომხდარი ერთ-ერთი ტერაქტის ორგანიზატორი იყო, თუმცა მხარეს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
2024 წლის 1 აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთს შორის ცივი ომის დროიდან ყველაზე მსხვილი პატიმართა გაცვლა შედგა, ერთ-ერთი გათავისუფლებული პატიმრებიდან ელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია.





