ზელიმხან ხანგოშვილის საქმე

მერკელი: დიპლომატები გავაძევეთ, რუსეთი ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში არ გვეხმარებოდა

ანგელა მერკელი
AFP

გუშინ, 4 დეკემბერს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გერმანიიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევებას გამოეხმაურა. 

მერკელის თქმით, რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზი მოსკოვის მხრიდან გამოძიებაში მონაწილეობაზე უარი გახდა. განცხადება ამის შესახებ მერკელმა ლონდონში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ გააკეთა. გერმანიის კანცლერის კომენტარს გერმანული მედია Deutsche Welle ავრცელებს. 

"ჩვენ აღნიშნული ზომები მას შემდეგ მივიღეთ, რაც მოსკოვისგან გამოძიებაში ვერანაირი მხარდაჭერა ვერ დავინახეთ", — განაცხადა მერკელმა. 

კიდევ ერთი გერმანული გამოცემა Zeit წერს, რომ მერკელი მზადაა დიპლომატების გაძევების საკითხი 9 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილოს. ამ დღეს საფრანგეთის დედაქალაქში ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა გაიმართება. დაგეგმილია ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის პირადი შეხვედრაც.

4 დეკემბერს გერმანიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის მიზეზი აგვისტოში მომხდარი მკვლელობა გახდა. 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულ პირს რუსეთის პასპორტი აღმოაჩნდა. 

მალევე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის სპესამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ამ ვარაუდს ამყარებდა რამდენიმე გავლენიანი გამოცემის მიერ ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური გამოძიება. 

გუშინვე, 4 დეკემბერს გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის სპეცსამსახურების ჩართულობასთან დაკავშირებით ახალი მასალები და მტკიცებულებები გამოაქვეყნა. პროკურატურაში დაადასტურეს, რომ მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი გრუ-ს სახელით ცნობილი, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოა. 

უფრო მეტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გაიგეთ აქ.
 

კომენტარები