დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

"აბსურდია" - კრემლი ბრიტანეთის ბრალდებაზე, რომ რუსეთი Covid-19-ის კრიზისის ექსპლუატაციას ცდილობს

დმიტრი პესკოვი
Shamil Zhumatov

კრემლი აბსურდულს უწოდებს დიდი ბრიტანეთის ბრალდებას, რომ რუსეთი და ჩინეთი ახალი კორონავირუსის შედეგად შექმნილი კრიზისის გამწვავებას ცდილობენ.

"ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მსგავს განცხადებებს," - თქვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მან ბრიტანეთის საგარეო მდივნის, დომინიკ რააბის საპასუხოდ თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი კორონავირუსის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში თანამშრომლობენ.

რააბის განცხადებით, რუსეთი და სხვა ქვეყნები, არასახელმწიფო აქტორები კორონავირუსის შედეგად შექმნილ გამოწვევებს ხედავენ და ამის გამწვავებას ცდილობენ: "ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ გვაქვს თავდაცვის უნარი, გამძლეობა და შესაძლებლობა იმისათვის, რომ მათ ამის გაკეთების საშუალება არ მივცეთ".

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩინეთის, რუსეთისა და ირანის რეჟიმები კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს აშშ-ის მიერ განხორციელებული აქტივობებისთვის ძირის გამოთხრა სურდათ.

26 მარტს დიდი შვიდეულის ქვეყნებმა განიხილეს ჩინეთის მიერ წამოწყებული დეზინფორმაციის კამპანია ახალი კორონავირუსის შესახებ.

24 თებერვლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში გამოავლინა ათასობით ანგარიში, სადაც ჩანდა ჩინეთისა და რუსეთის კოორდინირებული მოქმედება, იმისათვის, რომ პანიკა დაეთესათ კორონავირუსთან დაკავშირებით, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.

კომენტარები