ხანძარი ვარკეთილში

კალაძე: "ირაო" მზადაა, ხანძრისას დაზარალებულებს დანაკარგი აუნაზღაუროს, ჩვენც დავეხმარებით

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სადაზღვევო კომპანია მზად არის, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დანაკარგი აუნაზღაუროს. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მოვაჭრეებს თბილისის მერიაც დაეხმარება.

"სადაზღვევო კომპანიამ გამოხატა მზაობა, რომ ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც იქნება საუბარი. მიმდინარეობს მოკვლევა, დაზუსტდება ყველაფერი და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს იმას, რაც თავის პასუხისმგებლობაში შედის.

გარდა ამისა, დაზარალებულების თემა ინდივუდუალურად განიხილება, ჩვენც, მერია, მზად ვართ, შევხვდეთ, ჩავერთოთ, განვიხილოთ არსებული მდგომარეობა და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენც დავეხმარებით. პრემიერთან მქონდა საუბარი ამ საკითხზე და მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება შეხვედრები, იქნება კონსულტაციები". – აღნიშნა კახა კალაძემ.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისის საღამოს გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის თქმით, დაიწვა 4 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია – კონკრეტულად, სასაწყობე ჯიხურები.  

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ცეცხლს 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა აქრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები