ხანძარი ვარკეთილში

საგანგებო: ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია, დამწვარია 4 000-კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები

ტაბულა

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის თქმით, დამწვარია 4 000-კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურები.  

კერესელიძის თქმით, ამ დრომდე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. 

"სავარაუდოდ, ხანძარი გაჩნდა შუა ნაწილში. გვქონდა ინფორმაცია, რომ ასევე ინახებოდა ადვილად აალებადი ნივთიერებები. გვერდზე იყო ბენზინგასამართი სადგური. გვქონდა ინფორმაცია, რომ ასევე ინახებოდა ფეიერვერკები". – თქვა მან. 

მისივე თქმით, მფლობელები მაღაზიებში შესვლას საგამოძიებო სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებენ.

"ადგილზე უსაფრთხოების მიზნით კიდევ 3 სახანძრო ავტოცისტერნაა. მეხანძრე-მაშველებს მთელი ღამის განმავლობაში მოუწიათ ადგილზე მუშაობა". – თქვა მან.  

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისის საღამოს გაჩნდა – გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ცეცხლს 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა აქრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები