ხანძარი ვარკეთილში

გამგებელი: ვარკეთილის ბაზარი დაზღვეული იყო, მოვაჭრეების ზარალს ინდივიდუალურად განვიხილავთ

ტაბულა

სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის ინფორმაციით, ვარკეთილის შერეული ბაზრობის ტერიტორია დაზღვეულია და ზარალის ანაზღაურება კომპანია “ირაოს” დასკვნების შესაბამისად მოხდება. რაც შეეხება დაზარალებულ მოვაჭრეებს, მათ ზიანს ინდივიდუალურად განიხილავენ. სამხარაძემ ამის შესახებ ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა.

"გამოიკვეთა, რომ არსებული ტერიტორია დაზღვეულია საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში "ირაოს" მიერ. კომპანიის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ ადგილზე და ეცნობიან სიტუაციას, დაველოდებით მათ დასკვნას და გვეცოდინება, რა ანაზღაურება მოხდება.

დაზღვეულია შენობები, რაც შეეხება დაზარალებულებს, ყველას ინდივიდუალურად განვიხილავთ.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რიგ-რიგობით შევუშვებთ ადამიანებს და შეეძლებათ, დაითვალონ თავიანთი ზარალი. ერთი ნაკადი უკვე შევუშვით და მათ გადარჩენილი პროდუქცია გამოიტანეს.

ირაოსთან გვექნება შეხვედრა, როდესაც გვექნება მათი დადასტურებული ინფორმაცია, მას შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს”. – თქვა კახა სამხარაძემ.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისის საღამოს გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის თქმით, დაიწვა 4 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია – კონკრეტულად, სასაწყობე ჯიხურები.  

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ცეცხლს 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა აქრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები