ხანძარი ვარკეთილში

მერის მოადგილე: ზარალს ყველას ავუნაზღაურებთ, უპატრონოდ არავის დავტოვებთ

ტაბულა

თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი ამბობს, რომ ხანძრისგან დაზარალებულ ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს ზარალს აუნაზღაურებენ. მისი ინფორმაციით, ხანძარი 1000-1500 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. 

"როგორც ქალაქის მერია, ისე მთავრობა, ამ ადამიანებს დავუდგებით გვერდით და დავეხმარებით. კონკრეტულად რა ფორმით, ახლა ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცით [ზარალი]. ხვალ გავიგებთ, ვინ არიან დაზარალებულები და ყველას აუცილებლად ავუნაზღაურებთ. სახელმწიფო არავის არ დატოვებს უპატრონოდ. ყველას, ვინც რაიმე ტიპის ზარალი მიიღო ამ ხანძრიდან, დავეხმარებით". – თქვა თბილისის მერის მოადგილემ.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, შერეული ტიპის ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისის საღამოს გაჩნდა. ცეცხლს 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა აქრობდა. 

ხანძარი სასაწყობე ჯიხურებზე გავრცელდა. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. 

შსს-ს ცნობით, იყო ცეცხლის ავტოგასამართ სადგურზე გავრცელებისა და მისი აფეთქების საშიშროება. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები