ევროპული საქართველო

ბოკერია: ამომრჩეველი ხედავს, ვინ არის ყველაზე უხერხული ოპონენტი ივანიშვილისთვის ყველგან

"ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის ყველაზე უხერხული ოპონენტი ბიძინა ივანიშვილისთვის". – ასე პასუხობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია შეკითხვას, რატომ ისმის ასე ხშირად ბრალდებები მისი პარტიის მიმართ ქართულ ოცნებასთან გარიგებების თაობაზე.

TV პირველის ეთერში ბოკერიას ქართული ოცნებიდან გაშვებული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის, კომენტარი წაუკითხეს, რომელიც ევროპულ საქართველოს ქართულ ოცნებასთან გარიგებაში ადანაშაულებს.

"ბატონი ჭიჭინაძე იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა, რომ მისი ფსიქოანალიზი ჩემს ინტერესებში არ შედის. ეს არის კაცი, რომელიც ქართული ოცნებიდან გამოაგდეს და თავის ადგილს ეძებს და თუ მის განცხადებებს დავეყრდნობით, ნაციონალურ მოძრაობასთან იპოვა შეხების წერტილები, ბატონი მელიასთვის კომპლიმენტები უთქვამს". – თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს დეპუტატის თქმით, მას შეთქმულების თეორიებით ლაპარაკი სწორად არ მიაჩნია. ყველა ბრალდებას უნდა ჰქონდეს საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ადამიანს შეეძლება, სხვას რამე დააბრალოს.

"ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის ყველაზე უხერხული ოპონენტი ივანიშვილისთვის ყველგან, საპარლამენტო დებატებით დაწყებული სხვა ტიპის მოლაპარაკებებით გაგრძელებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი ამას ძალიან კარგად ხედავს. ძალიან ხშირად ჩვენს პოლიტიკაში ის ადამიანები, ვინც ყველაზე უფრო ხმამაღლა იქნევენ რადიკალიზმის დროშებს, ზოგჯერ უნებლიეთ, ზოგჯერ შეგნებულადაც, სწორედაც ისინი არიან ხოლმე რეჟიმის ინტერესში. იმიტომ, რომ ყველა უპასუხისმგებლო განცხადება, ამ ტიპის, თუ სხვა ტიპის რადიკალური (მაგალითად, "არჩევნებს აზრი არ აქვს"), ესაა, რაც ივანიშვილს ეხმარება". – ამბობს ბოკერია.

დეპუტატის თქმით, რა ინიციატივებიც ჰქონდა ევროპულ საქართველოს, მაგალითად, პროპორციული არჩევნების მოთხოვნის დაყენება 20 ივნისის შემდეგ და არა – დროებითი მთავრობის, ეს "ეფექტური წნეხი" იყო ხელისუფლებაზე.

"ამიტომაც, ჩვენ ვაიძულეთ ივანიშვილი რამდენჯერმე, რომ დათმობაზე წასულიყო, ოღონდ ჯერ შედეგი მიღწეული არ გვაქვს. რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, ვინ რას იტყვის, მაგალითად, ბატონი ჭიჭინაძისნაირი ფიგურები, ყოველთვის სასურველია ხოლმე, რომ კითხვა დაისვას, რაზე დაყრდნობით, რატომ გვაბრალებს ამას". – თქვა ბოკერიამ.

კომენტარები