კორონავირუსი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: საქართველო EASA-ს სიაში არაა, რადგან COVID 19-ის მაღალი რისკი არ არის

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვებგვერდ www.schengenvisainfo.com-ზე გავრცელებული სია სათაურით "ევროკავშირის აეროპორტების სრული სია, რომელიც უსაფრთხოა COVID 19-ის ფონზე" რეალურად მოიცავს პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების იმ აეროპორტებს, სადაც უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება არის რეკომენდებული.

"გვსურს განვმარტოთ, რომ ჩამონათვალი, რომელიც მოყვანილია სტატიაში შემუშავებულია ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ და წარმოადგენს პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალს, რომელთა მიმართებაშიც ევროპის საავიაციო ხელისუფლება მოუწოდებს ავიაკომპანიებს მიიღონ დამატებითი ღონისძიებები და გააძლიერონ სანიტარულ-ჰიგიენური ზომები COVID 19-ის რისკების შესამცირებლად. შესაბამისად, აღნიშნული ჩამონათვალი არ წარმოადგენს უსაფრთხო აეროპორტების სიას, როგორც ეს შეცდომით მოყვანილია ერთ-ერთ წყაროზე და შემდგომ ითარგმნა სხვადასხვა მედია საშუალების მიერ. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ შემუშავებულ აეროპორტების ჩამონათვალში საქართველოს აეროპორტები არ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ არის მიჩნეული ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად. შესაბამისად ავიაკომპანიებს არ მოეთხოვებათ დამატებითი ზომების მიღება საქართველოში ოპერირების შემთხვევაში." ნათქვამია განცხადებაში.

სია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ევროკავშირის დაავადებათა პრევენციის ორგანიზაციისა და სხვა ჯანდაცვის უწყებების მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნა და მათთან კონსულტაციის საფუძველზე მომავალშიც გაფართოვდება. მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები იყო ქვეყნებში დაავადებულთა, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, დღიურად ახალი შემთხვევების გამოვლენის რიცხვი, ტესტირების მაჩვენებელი და აეროპორტების ზომა და რაოდენობა კონკრეტულ ტერიტორიაზე.

სიაში შესულია ისეთი ქვეყნების აეროპორტები, რომლებიც ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში პირველ ათეულში შედიან, მათ შორის აშშ-ის, რუსეთისა და ბრაზილიის.

კომენტარები