ტაივანი

ტაივანში ჩინეთის მომხრე მერი თანამდებობიდან გადააყენეს

ხან ქუო-იუ

მას შემდეგ, რაც ქალაქ ქაოსიუნგის მერობის თანამდებობიდან გადააყენეს ხან ქუო-იუ, ტაივანის მთავარი ოპოზიციური პარტიის, გომინდანის წევრი და ტაივანის ყოფილი საპრეზიდენტო პროპეკინელი კანდიდატი, მან 11 ივნისს განაცხადა, რომ ახლო მომავალში პოლიტიკაში არ ჩაერთვება და არანაირ პოლიტიკურ თანამდებობას აღარ დაიკავებს.

6 ივნისს ქაოსიუნგის მცხოვრებლებმა ის მერობის თანამდებობიდან  გადააყენეს – საარჩევნო ყუთებთან ამომრჩევლის 42% გამოცხადდა, რაც საჭირო 25%-ზე ბევრად მეტია და 25 051 ხმის წინააღმდეგ მის გადაყენებას 939 090 ადამიანმა დაუჭირა მხარი. 

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მის მერად არჩევას ნაკლებმა – 890 000-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნიციპალიტეტის მერი გადააყენეს მას შემდეგ, რაც 1996 წელს ტაივანში სამხედრო მმართველობა დასრულდა და პირველი დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

31 მაისს ქალაქის ქუჩებში მისი გადადგომის მოთხოვნით ათასობით ტაივანელი გამოვიდა. "დაიბრუნეთ ქაოსიუნგი" – გაიძახდნენ ისინი. ხანი მოსახლეობას სთხოვდა, რომ არჩევნებზე არ წასულიყვნენ. ხანის კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ მას ქალაქი არ აინტერესებს. ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს სამი თვით ქალაქს მოსწყდა. 

მისი გადაყენებისათვის ხმის მიცემის ერთერთმა ორგანიზატორმა, ჩანგ ფო-იანგმა, არჩევნებამდე განაცხადა, რომ მისი მარცხი ჩინეთის მიმართ გომენდანის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებასა და ჩინეთთან ახლო კავშირებზე უარის თქმას გამოიწვევს.

2018 წელს ხანი ჩინეთთან ეკონომიკური კავშირის გაღრმავებით მოსახლეობას კეთილდღეობას დაჰპირდა და მერი გახდა.

მას პეკინთან ახლო კავშირის გაბმა სურდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ტაივანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ეს ერთადერთი გზა იყო. ქუო-იუ ერთიანი ჩინეთის აღიარების პოლიტიკასაც დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ გომინდანმა 2020 წლის იანვარში ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარ კანდიდატად სწორედ ის დაასახელა. ის დემოკრატიულ პროგრესული პარტიის წევრს, ცაი ინგ-ვენს დაუპირისპირდა და, საბოლოოდ, საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო. 

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰონგ-კონგის აქციებმა გავლენა მოახდინა, სადაც პეკინის წინააღმდეგ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ მილიონობით მომიტინგეს წელიწდზე მეტია, ძალადობრივად არბევენ. პეკინი კი ტაივანს, უკვე წლებია, სთავაზობს ჩინეთთან გაერთიანებას ჰონგ-კონგში 1997 წლიდან არსებულ მოდელს – "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა". ამ მოდელის არაეფექტურობა 2019 წლის ჰონგ-კონგის აქციებზე ყველაზე უკეთ გამოჩნდა.

ამავდროულად, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ჩინეთი ტაივანელი ხალხის დასაშინებლად ტაივანის სრუტეში საბრძოლო ხომალდებით კუნთებს ათამაშებდა. ტაივანი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთმა სამხედრო აქტივობები გააძლიერა. 

ხანის მეტოქე, ცაი ინგ-ვენი, რომელიც იავნარში ტაივანელმა ხალხმა ხელმეორედ აირჩია პრეზიდენტად, აცხადებდა, რომ ხანის მიერ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება ტაივანის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნიდა. 

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ წელს, ახალი კორონავირუსის ფონზე, ჩინეთის მომხრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე ტაივანი არ დაუშვეს.

ახლა კი, როგორც ჩანს, ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროეტების წარდგენის შემდეგ, რაც ჰონგ-კონგის ავტონომიის ფაქტობრივ დასრულებას ნიშნავს, ტაივანის პოზიცია კიდევ უფრო განმტკიცდა, რაც ქაოსიუნგის შემთხვევაში ნათლად გამოჩნდა.

გასული კვირის მარცხის შემდეგ, გომენდანის თავმჯდომარემ, ჯონი ციანგმა პარტიის პროჩინური იმიჯის გაფერმკრთალება სცადა. შედეგების გამოცხადების შემდეგ მან განაცხადა, რომ გომენდანი კომუნიზმს ეწინააღმდეგება და ტაივანს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს.

გომენდანს ჯერ არ დაუანონსებია, ხან ქუო-იუს ნაცვლად რომელი კანდიდატი იყრის კენჭს. ხანს ქალაქში მერის არჩევნებზე 4 წლით კენჭისყრა ეკრძალება.

ქალაქის მერის არჩევნები აგვისტოში გაიმართება. არჩევნების გამართვამდე ქალაქს გარდამავალი მერი ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს. 29 მაისს ჩინეთის ერთერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ჩინეთი ტაივანს დაარტყამს იმ შემთხვევაში, თუ მისი დამოუკიდებლობის შესაჩერებლად სხვა გზა არ იქნება. 

ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად, ძალას გამოიყენებენ, თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე არ არის, ჩინეთის წამყვანი სამხედრო პირისგან მსგავსი საჯარო განცხადება იშვიათია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩინეთი ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრის.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ჩინეთის დიპლომატიური წნეხის შედეგად პრეზიდენტი ინ-ვენი გახდა, ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს.

უმეტესი სხვა ქვეყნის მსგავსად, შეერთებული შტატებს ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, თუმცა, აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას და მისი სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

----------

რაც შეეხება ჰონგ-კონგს, ქალაქში საპროტესტო აქციები მაისში განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის განზრახვაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში.

კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. 

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის შეთანხმებით – "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა", თითქოს ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

ჰონგ-კონგში დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ კანონპროეტების საბოლოოდ მიღება "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

აშშ-ში უკვე განაცხადეს, რომ ჰონგ-კონგი ავტონომია აღარ არის. ჰონგ-კონგის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება დააანონსა. ბრიტანეთმა და ტაივანმა ჰონგ-კონგელებს დახმარება უკვე აღუთქვეს.

კომენტარები