აშშ - საქართველო

აშშ-ის ყოფილი ელჩი კონგრესმენების ანგარიშის შესახებ: არასწორია, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა

tvfree.ge

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი Twitter-ზე გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის (RSC) ანგარიშს, სახელწოდებით, "ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა":

"RSC-ის ანგარიში საქართველოს მხარდამჭერ აქტს სათანადოდ განამტკიცებს, თუმცა არასწორად ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი "პუტინის ახლო მოკავშირეა და საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". "გასული 8 წლის განმავლობაში საქართველო  ცდილობს მეტად დემოკრატიული და სტაბილური გახდეს". – წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში. 

შეგახსენებთ, რომ კონგრესმენების ანგარიშში წერია – აშშ-მა უნდა გააფართოოს სანქცირებული ადამიანების სია, რომელებმაც, თავის მხრივ, უნდა მოიცვას ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეხმარებიან. ასეთ ადამიანად, მათ შორის, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული. 

რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". 

"რუსეთის მიმართ სანქციები მისი დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერების წინააღმდეგაც უნდა გავრცელდეს. იგივე ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც შემოთავაზებული იყო ჩინეთის შემთხვევაში. კერძოდ, რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ. 

მაგალითად, ამისთვის საჭირო იქნებოდა კანონმდებლობა, რომელიც დააწესებდა სანქციებს ამ ახალი უფლებამოსილების შესაბამისად ვლადიმერ იევტუშენკოვზე – რუს მილიარდერ ოლიგარქზე. არსებული სანქციები საკმარისად არ ეხებიან პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს უთხრიან ძირს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქი და პუტინის მოკავშირეა უკრაინაში, რომელიც თავის მედიაიმპერიას იყენებდა ქვეყანაში ზიანის მომტანი რუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად. 

უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რათა კონგრესს განესაზღვრა სამომავლო სანქციები, რაც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა". – წერია ანგარიშში. 

კომენტარები