აშშ - საქართველო

აშშ საქართველოს Covid-19-თან საბრძოლველად 1.1 მლნ აშშ დოლარს გადასცემს

Shutterstock

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 1.1 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისში აშშ-ის საელჩოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა," - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 85 ადამიანია ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 14 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში 4641 პირი იმყოფება. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. 

21 აპრილამდე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, 28 მარტის ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მსოფლიოში ყველაზე მეტი, 104 256 შემთხვევაა გამოვლენილი. ახალი ვირუსით გარდაიცვალა 1 704 პაციენტი, 2 525 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახლანდელი მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ვირუსით 614 052 პირია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 28 234 პირი, გამოჯანმრთელდა 137 271.

კომენტარები