კორონავირუსი რუსეთში

მოსკოვში მაისში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი 3 365-ით გაზარდეს

მოსკოვში მაისში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი 3 365-ით გაზარდეს. მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ახალი განცხადების მიხედვით მაისში რუსეთის დედაქალაქში აღირიცხა 5 260 შემთხვევა, როდესაც სიკვდილის გამომწვევი მთავარი ან თანმხლები მიზეზი ახალი კორონავირუსით დაინფიცირება გახდა. ამ დრომდე ოფიციალური რიცხვი 1 895 იყო.

განცხადების მიხედვით რიცხვის შეცვლის მიზეზი რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვაში შეტანილი ცვლილებებია.

"ახალი რეკომენდაციები საშუალებას გვაძლევს უკეთ აღვრიცხოთ ის შემთხვევები, როდესაც კორონავირუსი გარდაცვლაების მთავარი მიზეზი ან სხვა დაავადებების კატალიზატორი გახდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის დეპარტამენტის მიხედვით მაისში ქალაქში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გარდაცვლილთა რიცხვი 57%-ით გაიზარდა.

მოსკოვში ვირუსით დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი აპრილშიც გააორმაგეს. ამჟამად რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ვირუსი ქვეყანაში სულ 493 657 ადამიანს დაუდასტურდა, ბოლო 24 საათში გამოვლინდა 8 404 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 6 358-ია, თუმცა ეს მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით დაბალია, რამაც ეჭვი გააჩინა იმის თაობაზე, რამდენად ასახავს ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში არსებულ რეალობას.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლება გარდაცვლილთა რეალური რიცხვის დამალვაში დაადანაშაულეს, რუსეთის ჯანდაცვის დეპარტამენტში აღიარეს, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახებოდა, რადგან მათ სხვა დაავადებაც ჰქონდათ.

კომენტარები