კორონავირუსი

WHO-მ შეცვალა განცხადება იმაზე, რომ ასიმპტომური პაციენტებისაგან Covid-19-ის გადადება იშვიათია

მარია ვან კერკჰოვი
Time

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა განმარტება, რომელშიც ნათქვამია, რომ კვლავ უცნობია რამდენად ხდება ასიმპტომური პაციენტების მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელება.

8 ივნისს ორგანიზაციის ახალ დაავადებათა დანაყოფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უსიმპტომო ადამიანების მიერ კორონავირუსის გადაცემის შემთხვევები იშვიათია. ახლა ის ამბობს, რომ ეს დაკვირვება მცირე რაოდენობის კვლევების საფუძველზე გააკეთეს.

"იმ მონაცემებიდან, რაც გვაქვს, ჩანს, რომ იშვიათია ვირუსის გადაცემა იმ ადამიანის მიერ, რომელსაც სიმპტომები არ აქვს გამოხატული. ჩვენ გვაქვს ანგარიშები იმ ქვეყნებიდან, სადაც დეტალურად აღწერენ დაავადებულთა კონტაქტებს. ისინი მიჰყვებიან ასიმპტომურ შემთხვევებს, მათ კონტაქტებს და ვერ ნახულობენ გადაცემის ფაქტებს. ეს ძალიან იშვიათია", - თქვა ვან კერკჰოვმა 8 ივნისს.

მოგვიანებით მან განმარტა, რომ კვლავ უცნობია რამდენად ვრცელდება ეს დაკვირვება სხვა ქვეყნებზე.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით კორონავირუსიანი პაციენტების 35%-ს დაავადების არც ერთი სიმპტომი არ აქვს.

ასიმპტომურ პაციენტთაგან ნაწილს შესაძლოა მსუბუქი ან ატიპური სიმპტომები ჰქონდეს. შესაძლოა იყოს პრე-სიმპტომური პერიოდი, დაავადების ადრეული სტადია, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

ვან კერკჰოვმა მიუთითა, რომ ასიმპტომურში იგულისხმებოდა ის პირები, ვისაც არცერთი სიმპტომი დაავადების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენია. მისი თქმით ამ შემთხვევებში საქმე გვაქვს დაავადების მსუბუქ ფორმასთან.

კომენტარები