კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: მძიმე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მე-2 დღეა, პროგრესირება არ შეიმჩნევა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში 1 მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მე-2 დღეა, მასთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. 

"კვლავ გვყავს 1 მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობაც საბედნიეროდ სტაბილურია, მეორე დღეა, პროგრესირება არ შემჩნევა. ალბათ გამოჯანმრთელება დაიწყება მალე", - თქვა ეზუგბაიამ.   

ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსი 40 პაციენტს აქვს დადასტურებული. 

რაც შეეხება 24 საათის განმავლობაში დადასტურებულ ახალ შემთხვევებს, ეზუგბაიას ინფორმაციით, ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია - 1 ბოლნისის წყაროა, 2 მარნეულის, 2 იმპორტირებული შემხვევაა საკარანტინო სივრციდან, 3 კი სამედიცინო პერსონალია.  

"ჩვენი ცენტრი 30 იანვრიდან ემსახურება შესაძლო და დადასტურებულ შემთხვევებს. დღემდე ჩვენ არცერთი სამედიცინო პერსონალის დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია", - თქვა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგბაია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უსიმპტომო ადამიანების მიერ კორონავირუსის გადაცემა იშვიათია. 

"გამავრცელებელი არის ყველა, იქნება ეს უსიმპტომო მტარებელი თუ პაციენტი, რომელსაც მინიმალური სიმპტომატიკა აქვს. აქ განსხვავებული სიმძლავრით ხდება დაავადების გავრცელება - ყველაზე მაღალი ხარისხით გავრცელება ხდება კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან მე-4 დღის პერიოდში. ინფიცირებიდან ბოლომდე პაციენტები არიან გადამდები, მაგრამ გადამდებლობის პერიოდის პიკი არის 1 კვირის თავზე, მე-7, მე-8 დღეს. მაგრამ ეს მონაცემები მუდმივად იცვლება, არ არის მყარი", - თქვა ეზუგბაიამ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირები 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 686 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

კომენტარები