სროლა ბაგებში

POG: ბაგებში მომხდარი სროლის ფაქტზე 2 ადამიანს ბრალი წარვუდგინეთ

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბაგებში 3 ივნისს მომდარ სროლაში მონაწილეებს, მ.გ-სა და მ.ხ-ს ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.  

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი პირის ვინაობა ამ დრომდე არ არის დადგენილი. 

"2020 წლის 3 ივნისს, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.ხ.-მ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ვ.კ.-ს ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მ.გ.-მ კი დანით გ.წ.-ს სახისა და ფეხის არეში, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღით ი.პ.-ს ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა.

გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისთვის გამოძიება გრძელდება. პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

მ.გ.-ს ბრალდება 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, მ.ხ.-ს კი ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა.  

3 ივნისს ბაგებში სროლისას ორი ადამიანი დაშავდა - ექიმის ინფორმაციით, ერთი წვივის, მეორე კი ბარძაყის არეში დაიჭრა.

კომენტარები