არჩევნები 2020

დუმბაძე საერთო კანდიდატებზე: დიდი გაერთიანების გარეშე ივანიშვილის დამარცხება გაჭირდება

მურმან დუმბაძე
ტაბულა

"ძალა ერთობაშია"-ს წევრის მურმან დუმბაძის მტკიცებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რიგ მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატის დაყენების შეთანხმების ერთგული რჩება. დუმბაძემ TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ "დიდი გაერთიანების გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება გაჭირდება". 

"ამიტომ, ვრჩებით ერთგულები იმ პრინციპისა, რა პრინციპითაც შალვა ნათელაშვილის ოფისში დავიწყეთ მოძრაობა. იქ, სადაც ამის აუცილებლობა და საჭიროება ჩანს, იქ, ბუნებრივია, მიღწეული იქნება შეთანხმება [ერთიან კანდიდატებზე]. 

დედაქალაქი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა - იქ რვა მაჟორიტარული სუბიექტი იყრის კენჭს, ამიტომ პოლიტიკურ პარტიებს მოგვიწევს ერთად დაჯდომა და საერთო გადაწყვეტილების მიღება. მათ შორის ნაციონალური მოძრაობა ამ შეთანხმების ერთგული რჩება" - თქვა დუმბაძემ და იქვე აღნიშნა, რომ "თუმცა, არაფერზე არ უნდა ვთქვათ, რომ ესაა საბოლოო გადაწყვეტილება, საბოლოო ჭეშმარიტება".

პოლიტიკოსის შეფასებითვე, მოძრაობა ლელოს განცხადება, რომ 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატს დააყენებს, პრობლემა არ არის. თუმცა, მურმან დუმბაძის შეფასებით, ლელოსთან ოფიცილური შეთანხმება მაინც უნდა დაიდოს.

"იმ შემთხვევაში, თუ სადმე მეორე ტურის საჭიროება შეიქმნება, ხელშეკრულების დონეზე უნდა მივცეთ ერთმანეთს პირობა, რომ პირველ-მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს შორის მხარს დავუჭერთ ოპოზიციურ კანდიდატს" - ამბობს დუმბაძე.

"ძალა ერთობაშია"-ს წევრის თქმით, "ჩვენი ამოცანა მაჟორიტარების უბრალოდ დაყენება და სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა კი არ არის, ამოცანა გახლავთ უმთავრესი - რვაწლიანი სტაგნაცია ქვეყნის განვითარებისა უნდა გაჩერდეს, წერტილი უნდა დაესვას, ბიძინა ივანიშვილი უნდა დამარცხდეს".

ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, რიგ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები წარადგინონ. 4 ივნისის ბრიფინგზე ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ. 

ევროპული საქართველო ასევე მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, ოპოზიციურ პარტიებს საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ. გიგა ბოკერიას შეფასებით, უპასუხისმგებლობა იქნება მაჟორიტარებზე შეთანხმებაზე უარის თქმა. დეპუტატის თქმით, ეს ეხება იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ამ მოლაპარაკებებში ჩართულები [ენმ] და არა, მაგალითად, ლელოს, რომელიც თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ შეთანხმების მიმართ. 

ამავე საკითხზე, პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, Facebook-ზე დაწერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია და ის პროცესის დასრულებას ელოდება.

მოგვიანებით კომენტარი ლელოს წევრმა კახა კოჟორიძემაც გააკეთა. მისი თქმით, ლელოს გადაწყვეტილი აქვს, 30-ვე ოლქში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავდეს. თუმცა, როგორც კოჟორიძე განმარტავს, ლელოში არ გამორიცხავენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე ისინი ოპოზიციასთან ორმხრივად ითანამშრომლებენ და რამდენიმე ოლქში სხვა ოპოზიციონერ მაჟორიტარ კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა, საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატიდან 120 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩევა, ხოლო 30 - მაჟორიტარული წესით.

კომენტარები