არჩევნები 2020

ნათელაშვილი საერთო კანდიდატებზე: მჯერა, პარტიებს უყვართ ქვეყანა და არა საკუთარი მდგომარეობა

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობას მოითხოვს. ამის შესახებ ნათელაშვილმა 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, ხშირად ერთ პარტიაშიც კი რთულია კანდიდატის შერჩევა, თუმცა, ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა თავიანთი მდგომარეობა.

"30 უკანასკნელი ოლქი მოითხოვს ოპოზიციის განსაკუთრებულ ყურადღებას, ერთიანობას, არც ისაა დასამალი, რომ ხშირად ერთ პარტიაში ჭირს კანდიდატურების შერჩევა, სიების შედგენა, აღარ არის საუბარი 30-40 პოლიტიკურ პარტიაზე, საიდანაც უმრავლესობას ინტერესი აქვს, რა თქმა უნდა, მათ შორის მაჟორუტარულ ოლქებზე.

მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა საკუთარი მდგომარეობა საქართველოში.

პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შევარჩიოთ აბსოლუტურად უმრავლეს ოლქებში საერთო კანდიდატები, რაც ოლიგარქიული რეჟიმის გარანტირებული დამარცხებაა" - თქვა ნათელაშვილმა.

ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, რიგ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები წარადგინონ. 4 ივნისის ბრიფინგზე ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ. 

ევროპული საქართველო ასევე მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, ოპოზიციურ პარტიებს საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ. გიგა ბოკერიას შეფასებით, უპასუხისმგებლობა იქნება მაჟორიტარებზე შეთანხმებაზე უარის თქმა. დეპუტატის თქმით, ეს ეხება იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ამ მოლაპარაკებებში ჩართულები [ენმ] და არა, მაგალითად, ლელოს, რომელიც თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ შეთანხმების მიმართ. 

ამავე საკითხზე, პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, Facebook-ზე დაწერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია და ის პროცესის დასრულებას ელოდება.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა, საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატიდან 120 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩევა, ხოლო 30 - მაჟორიტარული წესით.

კომენტარები