შსს

შსს გლდანში ნაპოვნ ახალშობილის ცხედარზე: დაიკითხა არასრულწლოვანი გოგო

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი გარდაცვლილი ახალშობილის პოვნის ფაქტს ეხმაურება. 

შსს-ის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, მათ შორის, მოწმის სახით სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგო. 

ამასთან, შსს-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. 

"საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით", - წერია განცხადებაში. 

უწყება ასევე ეხმაურება რამდენიმე მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პოლიციის თანამშრომლებმა ნაპოვნი ახალშობილის ცხედარი ნაგვის ურნაში გადააგდეს და წერს, რომ დეზინფორმაციაა. მათივე განცხადებით, ასევე დეზინფორმაციაა, რომ არასრულწლოვანი დააკავეს. 

"მოვუწოდებთ ყველა მედიას, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება", - წერია განცხადებაში. 

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები