პრორუსული, ნეოფაშისტური დაჯგუფება ქართული მარში პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ დაჯგუფების ერთერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, TV პირველისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა.
"ჩვენ იძულებულები გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში, რათა შეიქმნას მძლავრი, ეროვნული, ნაციონალისტური პოლიტიკური ცენტრი ქართული მარშის ბაზაზე", - ამბობს ბრეგაძე.
ბრეგაძის თქმით, გარდა პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისა, მათი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. კითხვაზე, ასეთად განიხილება თუ არა პატრიოტთა ალიანსი, ამბობს, რომ ამ ეტაპზე არა, მიუხედავად იმისა, რომ "მეგობრული და ახლო ურთიერთობა აქვთ".
კითხვაზე, შეუერთდება თუ არა მათ პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, სანდრო ბრეგაძე პასუხობს, რომ ვასაძე პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, თუმცა მისგან სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, თანამშრომლობისთვის მზად არიან.
"ჩვენი დამფინანსებელი ვიქნებით მე და ჩემი მეგობრები", - ამბობს ბრეგაძე.