ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს დახურვის მოთხოვით გამართულ აქციას შეუერთდა

ჟაირ ბოლსონარო
Reuters

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების გამო უზენაესი სასამართლოს დახურვის მოთხოვით გამართულ დემონსტაციას ცხენზე ამხედრებული შეუერთდა.

გამოძიება პოლიციის საქმეებში პირადი მიზნებით ბოლსონაროს ჩარევის და მისი მხარდამჭერების მიერ სოციალურ მედიაში დაშინების კამპანიის თაობაზე მიმდინარეობს.

აქციაზე დემონსტრანტებს ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერით "სამხედრო ინტერვენცია - დახურეთ კონგრესი და უზენაესი სასამართლო".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები კი ამბობენ, რომ პრეზიდენტის მხარდამჭერებს ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა სურთ.

ბოლსონაროს კი მიაჩნია, რომ მისი მიზანი დემოკრატიული და მისი ოპონენტები კონსტიტუციას არღვევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო პირბადის ტარება სავალდებულოა, პრეზიდენტი მხარდამჭერებთან შეხვედრისას მას არ ატარებდა.

ქალაქ სან პაულუში ბოლსონაროს მხარდამჭერთა პარალელურად მისი ოპონენტებიც შეიკრიბნენ. პოლიციამ მათ პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციასთან მიახლოების უფლება არ მისცა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სან პაულუ ბრაზილიაში კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა.  ქალაქის მერის თქმით, საავადმყოფოებმა შესაძლებლობის 90%-ს მიაღწიეს და მალე პაციენტების მისაღებად ადგილი აღარ ექნებათ.

ბრაზილიაში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია - სულ ქვეყანაში კორონავირუსით 514 992 პირი დაინფიცირდა, 29 341 კი დაიღუპა. ინფიცირებულთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

უკვე ოთხი დღეა, რაც ბრაზილიაში ახალი კორონავირუსით დღეში 1 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

პანდემიის პარალელურად კი ბოლსონაროსთან დაპირისპირების გამო თანამდებობა ჯანდაცვის ორმა მინისტრმა დატოვა. 

მიმდინარე თვეს ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ნელსონ თაიჩი პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთან კორონავირუსის საკითხზე უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა. ის მინისტრის პოსტს თვეზე ნაკლები იკავებდა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი აზრთა სხვადასხვაობის გამო ბოლსონარომ დაითხოვა.

ჯანდაცვის მინისტრი პრეზიდენტს კორონავირუსის სამკურნალოდ მალარიის პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქვინის, იგივე პლაქვენილის ფართოდ გამოყენების საკითხზე არ ეთანხმებოდა.

მათი შეხედულებები განსხვავდებოდა ეკონომიკის გახსნის საკითხზეც. გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სპორტული დარბაზების, სილამაზის სალონები და ბიზნესების გახსნის ბრძანება მასთან კონსულტაციის გარეშე გასცა.

კომენტარები