კორონავირუსი და ეკონომიკა

გერმანიის ეკონომიკა წელს, სავარაუდოდ, 6.6%-ით შემცირდება

ბერლინი
wikimedia.org

მიუნხენის უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის (Ifo) თანახმად, ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად, 2020 წელს გერმანიის ეკონომიკა 6.6%-ით შემცირდება.

თუმცა, Ifo-ს მიხედვით, 2021 წელს გერმანიის ეკონომიკური ზრდა 10.2%-ს მიაღწევს.

კვლევის თანახმად, ბიზნესის წარმომადგენლები ელოდნენ, რომ ზომების გამკაცრების შემდეგ, მათი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმს საშუალოდ ცხრა თვეში დაუბრუნდებოდა. ასეთ შემთხევაში, 2020 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის 12.4%-იანი შემცირებაა ნავარაუდევი.

ყველაზე ცუდი შესაძლო სცენარი კი ასე გამოიყურება - ბიზნესს ჩვეული საქმიანობის აღსადგენად 16 თვე დასჭირდება, ეკონომიკა 2020 წელს 9.3%-ით შემცირდება და 2021 წელს 9.5%-ით გაიზრდება.

ყველაზე სახარბიელო სცენარის თანახმად, ბიზნესი ძალას 5 თვეში აღიდგენს, ეკონომიკა წელს 3.9%-ით შემცირდება და გაისად 7.4%-ით გაიზრდება.

უკანასკნელი მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 181 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გარდაიცვალა 8 428 პაციენტი, 162 800-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. ქვეყანამ შეზღუდვების შერბილება 20 აპრილიდან დაიწყო.

კომენტარები