აშშ - რუსეთი

აშშ ღია ცის ხელშეკრულების დატოვებას რუსეთის დარღვევების გამო აპირებს

Insider

21 მაისს აშშ-მა განაცხადა, რომ ღია ცის ხელშეკრულებიდან გამოსვლას აპირებს. შეთანხმება 35 ქვეყანას ერთმანეთთან შეუიარაღებელ სადამკვირვებლო ფრენის საშუალებას აძლევს. შტატებმა შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზად რუსეთის მიერ პირობების არაერთგზის დარღვევა დაასახელა.

შეერთებული შტატების მაღალი რანგის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან გამოსვლას 6 თვე დასჭირდება.

ოფიციალურმა პირებმა ანონიმურად განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება 6-თვიანი განხილვის შემდეგ მიიღეს, რა დროსაც გაირკვა, რომ რუსეთი შეთანხმების პირობებს არა ერთ შემთხვევაში არღვევდა.

"ამ განხილვის დროს ცხადი გახდა, რომ აშშ-ის ინტერესებში აღარ შედის ღია ცის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე მხარედ დარჩენა," - განაცხადა ერთერთმა მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, რუსეთი იმგვარად არღვევს ხელშეკრულებას, რომ ამან, შესაძლოა, ხელი შეუწყოს შეერთებული შტატებსა და მოკავშირეებისთვის სამხედრო საფრთხეების შექმნას.

თავდაპირველად, 1955 წელს, ღია ცის შესახებ შეთანხმების ინიციატივა აშშ-ის 34-ე პრეზიდენტს, დუაიტ ეიზენჰაუერს, ეკუთვნოდა. შეთანხმებას 1992 წელს მოაწერეს ხელი და 2002 წელს ამოქმედდა.

ამჟამად შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, აშშ, რუსეთი, ბელარუსი, ბელგია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის აპრილში საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ღია ცის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა და ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებელებების შესრულების შეწყვეტის გამო გადადგა:

"ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი გადადგა რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ. რუსეთის ეს ქმედება, რომელიც დაიწყო 2010 წელს, მიზნად ისახავს ღია ცის ხელშეკრულების გამოყენებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობის ლეგალიზაციისთვის".

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი წერს, რომ თუ და როდესაც ეს მოხდება, გადაწყვეტილება შეიარაღების კონტროლის ისტორიაში კიდევ ერთი დიდებული მომენტი იქნება.

გასული წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება (INF). შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება სრულად აგვისტოში დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც, ხოლო პუტინი დაიმუქრა, რომ თუ აშშ ახალ რაკეტებს შექმნიდა, რუსეთიც იმავეს გააკეთებდა.

ხსენებული შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა. აშშ-მა და NATO-მ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. შტატებს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის.  

"აშშ-მა აღიდგინა შეიარაღების კონტროლის სანდოობა, როდესაც ჩვენ INF-ის შეთანხმებიდან NATO-ს ერთსულოვანი მხარდაჭერით გამოვედით, მას შემდეგ, რაც რუსეთი განუწყვეტლივ არღვევდა მის წესებს," - განაცხადა პომპეომ თებერვალში.

კომენტარები