შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი

ჯაში: თუ ოცნება კანონპროექტს პირველი მოსმენით დაამტკიცებს, ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში გადავა

პარლამენტი

ქართული ოცნების ყოფილი წევრი და ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წარმომადგენელი მარიამ ჯაშის თქმით, თუ ქართული ოცნება შეზღუდვების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაამტკიცებს, ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმზე გადავა. ამის შესახებ მარიამ ჯაშმა პარლამენტში საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.

მან ქართული ოცნების წევრებს მოუწოდა, არ გარისკონ და მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტის დამტკიცებას, - "რადგან თუნდაც ერთი საარჩევნო ოლქის ჩაკეტვა კორონავირუსის ეპიდსიტუაციის გართულების საბაბით, სერიოზულ კითხვებს გააჩენს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით", - ამბობს ჯაში.

"რამდენადაც ეს კანონპროექტი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, ჩვენი ფრაქცია იღებს გადაწყვეტილებას, არ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში და დავტოვოთ პლენარულ სხდომათა დარბაზი. თუკი დღეს, პირველი მოსმენით, ქართული ოცნება დაამტკიცებს აღიშნულ ცვლილებას, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, გავემიჯნოთ განხილვებს ხვალ და შესაბამისად, გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში", - თქვა მარიამ ჯაშმა.

საუბარია კანონპროექტზე, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და რომლის მიხედვითაც, მთავრობა შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეძლებს.

კანონის მიღებას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. მათი შეფასებით, ის მთავრობას ჭარბ ძალაუფლებას ანიჭებს, ხოლო პროექტში გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია.

კანონპროექტის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები