დონალდ ტრამპი

ტრამპმა პლაქვენილის მიღება დაიცვა: ბევრმა ექიმმა თქვა, რომ ის შესანიშნავია

დონალდ ტრამპი
Politico

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიცვა საკუთარი გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით მალარიის სამკურნალო წამლის, ჰიდროქსიქლოროქვინის, იგივე პლაქვენილის მიღების თაობაზე:

"ბევრმა ექიმმა თქვა, რომ ის შესანიშნავია. ექიმთან უნდა მიხვიდეთ. მე მყავს ექიმი თეთრ სახლში. ვკითხე, რას ფიქრობდა. ეს უბრალოდ თავდაცვის ნაწილია. ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი. ვფიქრობ, ღირს თავდაცვის მიზნით მისი მიღება და კიდევ გავაგრძელებ. მე თვითონაც მაინტერესებს. ჯერჯერობით უსაფრთხო ჩანს.

ცრუ კვლევა ჩატარდა, როდესაც ეს პრეპარატი ძალიან მძიმე ავადმყოფებს მისცეს, რომლებიც უკვე კვდებოდნენ. აშკარაა, რომ ეს ადმინისტრაციის მეგობრებს არ გაუკეთებიათ. კვლევა გამოქვეყნდა მომაკვდავ ადამიანებზე, ყველა მოხუცი იყო. ეს ყალბი კვლევა იყო. რაც ნათელია, ისაა, რომ ეს წამალი არ გვნებს. ძალიან ძლიერი წამალია, მაგრამ არ გვნებს."

ტრამპმა თქვა, რომ პრეპარატს კვირანახევარია, იღებს და თავს კარგად გრძნობს.

ექიმები კი მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ პლაქვენილი კორონავირუსისაგან არ იცავს და მას მხოლოდ გარკვეული სიმპტომების სამკურნალოდ, ექიმის დანიშვნის შემდეგ იყენებენ. პრევენციის მიზნით პრეპარატის მიღება უსაფრთხო არ არის. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გასულ თვეს გამოაქვეყნა რჩევა, რომელშიც ნათქვამია, რომ პლაქვენილის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებული არ არის. მაგალითად მოყვანილია შემთხვევები, როდესაც წამალმა კორონავირუსის მქონე პაციენტებში გულის პრობლემები გამოიწვია.

თეთრ სახლში ახალი კორონავირუსი ტრამპის პირად კამერდინერს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის პრესმდივანს დაუდასტურდა. ტრამპს კორონავირუსზე ტესტი რეგულარულად უტარდება და პასუხი უარყოფითია. მას არ აქვს ვირუსის სიმპტომებიც.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ ყოველდღიურად იღებს აზითრომიცინსაც, ანტიბიოტიკს, რომელიც ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

კომენტარები