გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. 

მას შელაპარაკება მოუვიდა ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ დე-ფაქტო მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. 

სროლის შემდეგ რაშიდ კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები. 

გიგა ოთხოზორია, მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად, რომ მკვლელები დაისჯებოდნენ, ისინი კვლავ თავისუფლად განაგრძობენ ცხოვრებას. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ფიქციური გამოძიება დაიწყო და დე-ფაქტო სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 

2017 წლის 31 მაისს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. 

2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რაშის კანჯი-ოღლი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ამ დროისთვის რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.

2018 წლის იანვარში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. გიგა ოთხოზორია რუსეთის წინააღმდეგ - ასე ეწოდება საქმეს, რომლის საჩივარშიც საია მიუთითებს, რომ ოთხოზორიას მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლები დაირღვა. 

2018 წლის 21 მარტს, ევროპული საქართველოს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ, 26 ივნისს კი მთავრობამ ამ სიაში შეყვანილი პირების ვინაობა დაასახელა. იმავე წლის აგვისტოში ლიტვამ განაცხადა, რომ ამ სიაში შესულ პირებზე შეზღუდვებს დააწესებდა

კომენტარები