კორონავირუსი საქართველოში

მდინარაძე: ან საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს, ან დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში

პარლამენტი

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება მისი თანაგუნდელების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს.

მდინარაძის თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში მსგავსი შეზღუდვები ისედაც არის და აქამდე ეს არავის გაუპროტესტებია. 

"ახლა ჩვენ ვდგავართ რამდენიმე არჩევანის წინაშე: ერთი, ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვისაც კი, რაც საჭიროა, რომ რისკები არ გაიზარდოს ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში, რომ მთავრობას ჰქონდეს ამ მინიმალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება, რომ ბოლომდე დაწიონ რისკები. ან უნდა ვთქვათ, რომ ბოდიში ჟარგონისთვის, მივუშვათ ეს პროცესი და თუ გვეყოლება ათეული ასეული და ხელახლა მოხდება აფეთქება, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა", - ამბობს მდინარაძე. 

მისივე შეფასებით, შეზღუდვების შესახებ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიდეს და ამ მინიმალური შეზღუდვებით "გავიდეს ფონს" საქართველო. 

კანონში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ცვლილელების პროექტის ინიცირება 19 მაისს, ბიუროს სხდომაზე მოხდება. 

IPN-ის ცნობით, რომელსაც კანონპროექტზე წვდომა ჰქონდა, დოკუმენტი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. 

კანონპროექტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, ვინაიდან 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის ვადა იწურება და პრემიერმინისტრის თქმით, მისი გაგრძელების მოთხოვნით პრეზიდენტს აღარ მიმართავენ. გიორგი გახარიამ 15 მაისს ასევე თქვა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები და შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იყოს შესაძლებელი.

კანონპროექტის ერთერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ხუნდაძემ, 17 მაისს თქვა, რომ მთავრობას მიენიჭება უფლება, პანდემიის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეძლოს "კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ლოკაციებზე კრიზისის დარეგულირება, რომ მან შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა". 

კომენტარები