ჩეჩნეთი

კადიროვმა დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობაზე ჩივილის გამო ექიმები დაითხოვა

რამზან კადიროვი
TASS

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სამსახურიდან დაითხოვა ადგილობრივი ექიმები, რომლებმაც საავადმყოფოებში დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობის და მათი კოლეგის გარდაცვალების გამო დაიჩივლეს.

ინფორმაციას რეგიონული მედია სააგენტო Кавказский Узел ავრცელებს.

საავადმყოფოს, რომელიც კორონავირუსიანი პაციენტების მისაღებად გადაკეთდა, თანამშრომლებმა გასულ კვირას საპროტესტო აქცია გამართეს და თქვეს, რომ დამცავი აღჭურვილობა არ ჰქონდათ და მათი კოლეგები კორონავირუსით დაავადდნენ.

აქციიდან 2 დღის შემდეგ მათ ჩეჩნეთის ტელევიზიის ეთერში უსაფუძვლო ჩივილის გამო ბოდიში მოიხადეს.

"პროვოკატორები უნდა დაითხოვონ. ყველაფერი გვაქვს: აღჭურვილობა, ნიღბები, ჟანგბადი, წამლები. პირიქით, შეგვიძლია, სხვა რეგიონებს დავეხმაროთ. მილიონობით ნიღაბი ვიყიდეთ", - თქვა კადიროვმა.

ვირუსის გავრცელების შემდეგ კადიროვმა არაერთი შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა, მათ შორის თქვა, რომ კარანტინის დამრღვევები უნდა დახოცონ, ხოლო ის ჩეჩნები, რომლებიც სხვებს ვირუსს გადასდებენ, ტერორისტებს შეადარა და თქვა, რომ ცოცხლად უნდა დამარხონ.

ოფიციალური მონაცემებით ჩეჩნეთში ახალი კორონავირუსი 966 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა - 10.

კომენტარები