კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების გაპროტესტებისას ლონდონში 19 ადამიანი დააკავეს

Reuters

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების გაპროტესტებისას ლონდონში 19 ადამიანი დააკავეს. ისინი სოციალური დისტანციის ნორმებს არღვევდნენ.

ლონდონის პოლიციაში განაცხადეს, რომ გასაპროტესტებლად ბევრი ადამიანი არ გამოსულა, მათ კი, ვინც ჰაიდ პარკში შეიკრიბა მოუწოდეს დაეცვათ წესები, თუმცა ისინი მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.

მიმდინარე კვირას პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა წარმოადგინა.

გეგმის მიხედვით 13 მაისიდან მოსახლეობას საშუალება აქვს, იმდენი ივარჯიშოს, რამდენიც სურს, პარკებში მზის აბაზანები მიიღოს და ავტომობილით თავისუფლად გადაადგილდეს. ამავდროულად, ბრიტანელებს პარკში სერინობის უფლება მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად აქვთ.

მოსახლეობას მოუწოდეს, მაქსიმალურად აირიდონ თავიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. სლოგანი "დარჩი სახლში" იცვლება მოწოდებით "იყავი ფრთხილად".

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსი სულ 240 161 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა - 34 466.

კომენტარები