კორონავირუსი ბრაზილიაში

ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი პრეზიდენტთან Covid-19-ის საკითხზე უთანხმოების გამო გადადგა

Reuters

ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრი ნელსონ თაიჩი პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთან კორონავირუსის საკითხზე უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა. ის მინისტრის პოსტს თვეზე ნაკლებია, იკავებს, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი აზრთა სხვადასხვაობის გამო ბოლსონარომ დაითხოვა.

ჯანდაცვის მინისტრი პრეზიდენტს კორონავირუსის სამკურნალოდ მალარიის პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქვინის, იგივე პლაქვენილის ფართოდ გამოყენების საკითხზე არ ეთანხმებოდა.

მათი შეხედულებები განსხვავდებოდა ეკონომიკის გახსნის საკითხზეც. გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სპორტული დარბაზების, სილამაზის სალონები და ბიზნესების გახსნის ბრძანება მასთან კონსულტაციის გარეშე გასცა.

17 აპრილს ბოლსონარომ მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი ლუის ენრიკე მანდეტა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზად კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება დაასახელა. ბოლსონარომ მანდეტა საჯაროდ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანციის დაცვისაკენ მოუწოდებდა.

ბოლსონარო ამ ზომებს არ ეთანხმება და ვირუსს "პატარა გრიპს" უწოდებს. მინისტრის გათავისუფლების შემდეგ მან კვლავ მოუწოდა შტატებს, მოხსნან შეზღუდვები, რადგან ისინი ეკონომიკას აზარალებენ. ამის შემდეგ ბოლსონარო დედაქალაქში კარანტინის მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდა. მომიტინგეთა ნაწილი სამხედრო ძალების ჩარევას, კონგრესის და უზენაესი სასამართლოს დახურვას ითხოვდა. ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი დისტანციას არ იცავდნენ და არ ეკეთათ ნიღბები. ნიღბის გარეშე მივიდა თავად პრეზიდენტიც.

კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით ბრაზილია ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი - მეექვსე ადგილზე. ქვეყანაში სულ ვირუსით ინფიცირების 208 031 შემთხვევა დადასტურდა, ბოლო 24 საათში გამოვლინდა 5 113 შემთხვევა. დაღუპულთა რიცხვმა 14 267-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 79 479 ადამიანი.

კომენტარები