საარჩევნო შეთანხმება

კახიანი: იმედი მაქვს, საარჩევნო სისტემას ენმ-ის და ევ.საქ-ოს ხმების გარეშეც დავამტკიცებთ

პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი იმედს გამოთქვამს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

კახიანი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ენმ-ის და ევროპული საქართველოს ხმების გარეშეც შეძლებენ, თუმცა, მისი თქმით, თუ პროექტი ჩავარდა, პასუხისმგებლობა სწორედ ოპოზიციას დაეკისრება.

"იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომლებიც არიან პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები, ასევე, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ კონსტიტუციურ ცვლილებას. ასეთ შემთვევაში შესაძლებელი იქნება კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება ნაციონალური მოძრაობის და მისი ჯგუფების წევრების გარეშეც. თუმცა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნება მათზე, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი ხმების გარეშეც განვახორციელებთ, ეს ერთ რამეზე მიუთითებს - ქვეყნის წარმატება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მათთვის არ არის სასურველი", - თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, პარლამენტში სხდომები განახლდება, თუმცა, კენჭისყრამდე ჯერ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა უნდა მოხდეს. კახიანი იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო სისტემა ივნისის ბოლომდე დამტკიცდება.

ცვლილებების განხორციელებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ქართული ოცნების ხელისუფლება კვლავ უგულებელყოფს დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, შეასრულოს 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან ხელმოწერილი შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

8 მარტის გაფორმებული შეთანხმება ორნაწილიანია და საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხებს მოიცავს.

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისას კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და ამბობენ, რომ შეთანხმების საბოლოო ტექსტში არც ერთი გვარი არაა ნახსენები.

საპარლამენტო ოპოზიცია გეგმავს, საარჩევნო ცვლილებების კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადოს იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პატიმრები - გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან, ხოლო შეთანხმების არშესრულებაზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

***

ქართული ოცნების განცხადებები, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილ დოკუმენტში ნახსენები არ ყოფილა, მალევე გახდა დასავლეთის მწვავე კრიტიკის საგანი.

7 მაისს ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილი მიწერა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. წერილში ის ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

11 მაისს წერილი გაავრცელეს შუამავლებმა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების ნაწილი იმ საკითხებზეა, რაც სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. განცხადებას იზიარებდნენ სხვა დასავლელი პარტნიორებიც.

იმავე დღეს აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია".

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა დაწერა, რომ ელის "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით".

13 მაისს გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა დაწერა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან:

"[ქართული ოცნება] ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც. ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს".

ასევე 13 მაისს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებიდან ახალი კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 000 000 ევროზე მეტს მიიღებს. თუმცა, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან.

კომენტარები