ეკონომიკა

ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკა რეცესიის ფაზაში შევიდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გერმანიის ეკონომიკა 2,2%-ით შემცირდა. ამგვარად, გერმანია უკვე ოფიციალურად შევიდა ეკონომიკური რეცესიის ფაზაში. 

გასული წლის ბოლო კვარტალში გერმანიის ეკონომიკურმა ზრდამ 0,6% შეადგინა. ეკონომიკური რეცესიის ტექნიკური განმარტებით, ზედიზედ ორი ფინანსური კვარტლის განმავლობაში 2%-ზე ნაკლები ეკონომიკური ზრდა კი უკვე რეცესიას გულისხმობს.

ორკვირიანი საყოველთაო კარანტინის ფონზე, გერმანიაში მნიშვნელოვნად შემცირდა კაპიტალური ინვესტირება და სამომხმარებლო ხარჯები. ვითარება კაპიტალური პროექტებმა და გაზრდილმა სახელმწიფო ხარჯებმა დაასტაბილურა.

ამავე პერიოდში, ევროზონის ეკონომიკა ჯამურად 3,8%-ით შემცირდა, რის შედეგადაც 2013 წლის შემდეგ პირველად სავალუტო კავშირში შემავალ სახელმწიფოებში გაიზარდა უმუშევრობა. ასეთ ფონზე, კიდევ უფრო პესიმისტურია მოლოდინები წლის მეორე კვარტლის მიმართ. დიდი ალბათობით, დანაკლისი გაიზრდება.

გერმანიის მთავრობამ უკვე წარმოადგინა 1,3 ტრილიონი დოლარის ღირებულების ანტი-კრიზისული გეგმა. მხოლოდ აპრილში გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა 370 ათასით გაიზარდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი აუნაზღაურდებათ, თუმცა უფრო მკვეთრად მცირდება სამუშაო საათების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

ფინანსთა მინისტრის, ოლაფ შოლცის თქმით, მთავრობა უკვე მუშაობს სტიმულირების ახალ გეგმაზე, რომელიც ივნისში ჩაეშვება და თანამედროვე ეკო-მეგობრულ ტექნოლოგიებში ინვესტირებაზე იქნება ფოკუსირებული.

გერმანიაში შექმნილი არასახარბიელო ვითარების მიუხადავად, კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა ევროკავშირის სხვა დიდ ეკონომიკებში. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის ეკონომიკა საშუალოდ 5%-ით შემცირდა. 1,7%-ით შემცირდა ნიდერლანდების მშპ. 

გერმანიასთან და მთლიან ევროზონასთან დაკავშირებით ეკონომიკური პროგნოზები ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანია და ვირუსის შემდგომი გავრცელების მასშტაბზეა დამოკიდებული. ევროკომისიის ვარაუდით, მიმდინარე წელს გერმანიის ეკონომიკა შესაძლოა 6,5%-ით შემცირდეს.

კომენტარები