კორონავირუსი საქართველოში

გახარია: 18 მაისიდან 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა იხსნება, ოღონდ არა ავტომობილებში

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეპიდემიური სურათის შედარებით დასტაბილურების გამო, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რიგი შეზღუდვებისა შედარებით ადრე მოხსნას.

აქედან გამომდინარე, გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, თუმცა, ეს არ შეეხება ავტომობილებში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა", - ამბობს გახარია. 

18 მაისიდანვე ამუშავდება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი - გარდაიცვალა. 

ქვეყანაში უკვე ერთ თვეზე მეტია საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილება აკრძალულია. ასევე აკრძალულია ავტომობილში მძღოლის გვერდით ჯდომა, მიუხედავად იმისა, უცნობი ადამიანია, თუ ოჯახის ახლო წევრი. 

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს მთავრდება, იქამდე კი შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. ამ დროისთვის აღდგენილია ავტომობილების გადაადგილება და გახნილია ის ქალაქებიც, რომელიც ჩაკეტილი იყო - ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თბილისი. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კვლავ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. 

ამ ყველაფრის ფონზე იანვრიდან აპრილამდე ექსპორტი 11.9%-ით, იმპორტი კი 11.8%-ით შემცირდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) კი საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5.5%-მდე შეამცირა.

კომენტარები