კორონავირუსი რუსეთში

რუსეთის დუმის 5 დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ინფორმაციით, დუმის 5 დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, აქედან ერთი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ორი სახლში მკურნალობს, ორი კი საავადმყოფოშია მოთავსებული. 

"5 დეპუტატი გვყავს დაავადებული. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ არ დაინფიცირდეთ და არ გადასდოთ გარშემო მყოფებსაც", - თქვა სპიკერმა პლენარულ სხდომაზე. 

აქამდე ცნობილი იყო, რომ დუმის 3 დეპუტატი იყო კორონავირუსით ინფიცირებული. აქედან ორი, ლეონიდ კალაშნიკოვი და დმიტრი ნოვიკოვი კომუნისტური პარტიის წევრები არიან, ხოლო მესამე, ერთიანი რუსეთის წევრი, სვეტლანა მაქსიმოვაა

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

როგორც რუსული მედია წერს, ბოლოს პესკოვი საჯაროდ 30 აპრილს გამოჩნდა, როდესაც რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ მას კორონავირუსი აქვს. მიშუსტინის გარდა ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვასაც

ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით რუსეთი უკვე მეორე ადგილზეა მსოფლიოში. აღრიცხულია 242 ათასზე მეტი შემთხვევა, საიდანაც 2200-ზე მეტი გარდაცვლილია, ხოლო 48 ათასზე მეტი - გამოჯანმრთელებული.

კომენტარები