კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: გუშინ კლინიკიდან 6 გამოჯანმრთელებული მოზარდი გაეწერა, დაგვრჩა ერთი არასრულწლოვანი

მარიამ ნიკურაძე/OC Media

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საავადმყოფოდან გუშინ, 12 მაისს, 6 გამოჯანმრთელებული მოზარდი გაეწერა.

"ჩვენთან გუშინ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. 136-დან 97 პაციენტია უკვე ჩვენთან გამოჯანმრთელებული. საინტერესო ის არის, რომ ექვსივე გამოჯანმრთელებული მოზარდია. მათ დატოვეს კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. ერთი არასრულწლოვანი დაგვრჩა. დანარჩენი ყველა გამოჯანმრთელებული გაეწერა ბინაზე", - თქვა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კოვიდცენტრებში 264 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.  

"უკვე ძალიან კარგი სხვაობაა. გამოჯანმრთელებულები 100-ით მეტია, ვიდრე სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტები", - თქვა მარინა ეზუგბაიამ. 

რაც შეეხება ბოლო 24 საათში დადასტურებულ 8 ახალ შემთხვევას, ექიმის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მათგან 2 ადამიანი შეიყვანეს. 

"4 პაციენტი საკარანტინო სივციდან არის. არიან კონტაქტი 11 მაისს დადასტურებული შემთხვევის. დანარჩენი 4 ასე ნაწილდება - 2 საკარანტინო სივრციდან არის, კონტაქტები, 1 არის ბოლნისიდან და 1 არის თეთრიწყაროდან", - თქვა მან. 

მისივე თქმით, კრიტიკული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მე-3 დღეა სტაბილურია. 

"ჩვენი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მე-3 დღეა დასტაბილურებულია. თუმცა, ჯერჯერობით მისი მდგომარეობის პროგნოზირება მაინც შეუძლებელია. თუ 1-2 დღეც მისი მდგომარეობა სტაბილური იქნება, შეიძლება მის გამოჯანმრთელებაზე ვილაპარაკოთ. ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. 2-3 დღე გვინდა კიდევ, რომ დავაკვირდეთ. 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც გვყავდა, გაუმჯობესებულია, მძიმეთა სიიდან ამოღებულია და ამ ეტაპზე როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები, ისე მოიაზრებიან. უმეტესად, ამ ეტაპზე, ჩვენთან საშუალო სიმძმის პაციენტები მკურნალობენ", - თქვა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან 33-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. ეზუგბაიას თქმით, 1 ადამიანს გამოკვლევები უტარდება. 

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 647 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 372 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები