იმისთვის, რომ ეს პოზიტიური ტალღა შევინარჩუნოთ ერთადერთი ეფექტიანი გზა არსებობს: როდესაც ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა მოიხსნება, ეს ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ უგულებელყოფილ იქნას უსაფრთხოების ყველა ის ზომა, რასაც აქამდე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ვიყენებდით.
საჭიროა იმ ჩვევების შესრულება, რომელიც მოქალაქეებმა გამოიმუშავეს არა როგორც სავალდებულო, ან ჯარიმის შიშით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით. მინიმუმ სამი წესი მაინც უნდა შევინარჩუნოთ: ეს არის ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავება.
ის უდავო წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია და მას, როგორც პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებას ვერ განვიხილავთ. მხოლოდ მაშინ ჩავთვლით, რომ საქართველო პანდემიას გაუმკლავდა, როდესაც ეს შეზღუდვები სრული მასშტაბით მოიხსნება და საზოგადოება ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება. თუ მაშინაც შევინარჩუნეთ ეპიდემიის სცენარის ეს დონე და ახალი შემთხვევების ეს რაოდენობა, მხედველობაში მაქვს ერთნიშნა ან ორნიშნა ციფრი, მაგრამ არაუმეტეს 20-ისა, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა პანდემიას გაუმკლავდა, მაგრამ, მუდმივად ფრთხილად უნდა ვიყოთ





