კორონავირუსი

რუსეთში აშშ-ის შემდეგ Covid-19 მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

რუსეთში აშშ-ის შემდეგ Covid-19 მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. John Hopkins University & Medicine-ის მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსი 232 243 ადამიანს დაუდასტურდა. 2 116 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 43 512 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

რუსეთში უკანასკნელი რამდენიმე დღეა დღიურად ახალი კორონავირუსის საშუალოდ 10 000 ახალი შემთხვევა დასტურდება.

ღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

11 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად მოხდება და ყველა რეგიონმა საკუთარი მიდგომა უნდა შეიმუშაოს.

"12 მაისიდან არა-სამუშაო დღეების პერიოდი ეკონომიკის ყველა სექტორისათვის დასრულდება...ყველას ინტერესშია, რომ ეკონომიკა ნორმას სწრაფად დაუბრუნდეს", - თქვა მან და განმარტა, რომ პირველ რიგში მუშაობა უნდა განახლდეს მშენებლობებზე, აგრარულ და ენერგეტიკის სექტორში.

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთმა თვითიზოლაციის პერიოდი ჯანდაცვის სისტემის მოსამზადებლად გამოიყენა და საავადმყოფოებში ახლა მეტი ადგილია, რაც ათასობით ადამიანს გადაარჩენს.

მიუხედავად მისი განცხადებისა, რუსული მედია წერს, რომ რუსეთის საავადმყოფოებში სავალალო მდგომარეობაა, ექიმებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობის აღჭურვილობა, ცუდი პირობების გამო გაიფიცნენ ექთნები და მედპერსონალის ნაკლებობის გამო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს კორონავირუსიან პაციენტებთან მუშაობას აიძულებენ.

აღსანიშნავია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელიც წუხილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელებას აიძულებდნენ, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. The Moscow Times-ის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში მესამე შემთხვევაა, როდესაც რუსეთში მედპერსონალი საავადმყოფოს ფანჯრიდან "გაურკვეველ ვითარებაში" ვარდება.

ახალი ვირუსი მსოფლიოში 4 200 000-ზე მეტ პირს დაუდასტურდა, 286 835 გარდაიცვალა, 1 467 412 უკვე გამოჯანმრთელდა. დაინფიცირების ყველაზე მეტი 1 300 000-ზე მეტი შემთხვევა აშშ-ში გამოვლინდა.

კომენტარები