საარჩევნო შეთანხმება

კაპანაძე: თუ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ

პირველი არხი

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ თუ პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ევროპული საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

დეპუტატის თქმით, ივანიშვილს ტყუილი კიდევ ერთხელ არ უნდა გაუვიდეს, ვინაიდან მომავალში შეიძლება "უარესი გააკეთოს".

"შეთანხმება არის 2-ნაწილიანი, ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. შეთანხმების ნაწილია როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ისე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა.

შესაბამისად, თუ პირველი მოსმენისთვის პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და საკონსტიტუციო ცვლილებები განსახილველად პარლამენტში ისე შემოიტანეს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ეს ბევრჯერ გვითქვამს და არ ვაპირებთ, გადაწყვეტილება შევცვალოთ.

ივანიშვილისთვის თუ იქნება გზავნილი, რომ მას შეუძლია, მორიგჯერ გადაადგოს საზოგადოება, ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრებზე, იმ დიდი პროცესის და შეთანხმების მერე, რომელშიც ჩვენი პარტნიორები მონაწილობდნენ, ეს გარდაუვლად მიგვიყვანს კიდევ უფრო მძიმე კრიზისამდე, იმიტომ რომ შეიძლება, ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთოს იმ მოლოდინით, რომ ესეც გაუვა", - თქვა კაპანაძემ ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან სწორედ ისინი ამბობენ უარს შეთანხმების სრულად შესრულებაზე.

8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ორნაწილიანია და გულისხმობს, ერთის მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე პროპორციით განაწილებას, ასევე, პოლიტიკური პატიმრების განაწილებას. ამას აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომლებიც შეთანხმების მიღწევის მედიატორები იყვნენ.

თუმცა, ქართული ოცნება კვლავ უგულებელყოფს დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, შეასრულოს 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან ხელმოწერილი შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. მმართველი პარტია მსგავსი შეთანხმების არსებობას საერთოდ უარყოფს.

კომენტარები