კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 899 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 899 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსული ინფექციით, ოფიციალური მონაცემებით, 232 243 ადამიანი დაინფიცირდა. ამ მაჩვენებლით რუსეთმა იტალიას (219 814) და დიდ ბრიტანეთს (223 060) გადაასწრო და აშშ-ის (1 385 834) და ესპანეთის (227 436) შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 107 ადამიანი დაიღუპა. სულ გარდაცვლილთა დადასტურებულმა რიცხვმა 2 116-ს მიაღწია.

---

11 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად მოხდება და ყველა რეგიონმა საკუთარი მიდგომა უნდა შეიმუშაოს.

"12 მაისიდან არა-სამუშაო დღეების პერიოდი ეკონომიკის ყველა სექტორისათვის დასრულდება...ყველას ინტერესშია, რომ ეკონომიკა ნორმას სწრაფად დაუბრუნდეს", - თქვა მან და განმარტა, რომ პირველ რიგში მუშაობა უნდა განახლდეს მშენებლობებზე, აგრარულ და ენერგეტიკის სექტორში.

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთმა თვითიზოლაციის პერიოდი ჯანდაცვის სისტემის მოსამზადებლად გამოიყენა და საავადმყოფოებში ახლა მეტი ადგილია, რაც ათასობით ადამიანს გადაარჩენს.

მიუხედავად მისი განცხადებისა, რუსული მედია წერს, რომ რუსეთის საავადმყოფოებში სავალალო მდგომარეობაა, ექიმებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობის აღჭურვილობა, ცუდი პირობების გამო გაიფიცნენ ექთნები და მედპერსონალის ნაკლებობის გამო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს კორონავირუსიან პაციენტებთან მუშაობას აიძულებენ.

აღსანიშნავია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელიც წუხილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელებას აიძულებდნენ, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. The Moscow Times-ის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში მესამე შემთხვევაა, როდესაც რუსეთში მედპერსონალი საავადმყოფოს ფანჯრიდან "გაურკვეველ ვითარებაში" ვარდება.

კომენტარები