ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია ინფიცირებულ ახალ პაციენტზე: წყარო უცნობია

"კლასტერი არ არის ცნობილი, წყარო უცნობია. საკარანტინო სივრციდანაა, თუ არ ვცდები, მაგრამ წყაროს ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი", - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტზე.

საქართველოში, 12 მაისის დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი ინფიცირებული პირის 4 კონტაქტი მოძიებულია. ამ პირების PCR ტესტირება, როგორც ეზუგბაია ამბობს, განმეორებითაა საჭირო, - "დღეს განმეორდება და დადასტურდება, თუმცა უმეტესად, როცა განმეორებას ითხოვს ხოლმე ტესტი, პასუხი მაინც უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებით, ვიმედოვნებ ასეც იქნება".

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, სულ 639 ადამიანის დაინფიცირება გამოვლინდა.

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსისგან კიდევ 32 პაციენტი განიკურნა, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 349-მდე გაიზარდა. COVID 19-ით გარდაიცვალა 11 ადამიანი.

საკარანტინო რეჟიმში 4 769 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 414 ადამიანი რჩება.

კომენტარები