ჯანდაცვის სამინისტრო

გაბუნია: დაუჯერებელია, რომ გინეკოლოგმა მოინახულა ქალი და ვერ გამოავლინა, რომ ორსულად იყო

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქალების სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზეა საუბარი.  საქმე ეხება კონკრეტულ შემთხვევას, როდესაც პაციენტმა ქალმა ფსიქიატრიული დაწესებულების საპირფარეშოში დამოუკიდებლად, ისე იმშობიარა, რომ მისი ორსულობის შესახებ ექიმებმა არაფერი იცოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ორი ფსიქიატრიული დაწესებულების ჩანაწერის მიხედვით, ის გინეკოლოგებმა გასინჯეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევას სამინისტრო შეისწავლის. გაბუნიას შეფასებით, დაუჯერებელია, რომ გინეკოლოგის კონსულტაციის მიუხედავად ქალის ორსულობა ვერ დაადგინეს. 

"ყველას მოეთხოვება, რომ ჰქონდეს კონტრაქტი სპეციალისტთან, თუმცა, როგორც ჩანს, არ შედგა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალისტის კონსულტაცია, რადგან მართლაც სრულიად დაუჯერებელია, რომ ორ სხვადასხვა დაწესებულებაში გინეკოლოგმა მოინახულა ორსული ქალბატონი და ვერ გამოავლინა, რომ იყო ორსულად. ამ ფაქტს შევისწავლით და როცა გვექნება დასრულებული კვლევის შედეგები, უფრო კონკრეტული პასუხიც იქნება ამ შეკითხვაზე და რეაგირებაც მეტად კონკრეტულად იქნება შესაძლებელი", - ამბობს გაბუნია. 

რამდენად დაცულია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები - ამ თემაზე სახალხო დამცველმა დღეს კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები 12 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამ პანსიონატსა და 6 სათემო ორგანიზაციაში იმყოფებოდნენ. 

კვლევის თანახმად, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექიმებმა პაციენტის ორსულობა ვერ დაადგინეს. მედპერსონალმა ქალის ორსულობა მას შემდეგ შეიტყო, რაც პაციენტმა საპირფარეშოში იმშობიარა.

კომენტარები